logo
ENG



პაპუაშვილის მტკიცებით, არჩევნებში ჩარევის ერთადერთი წყარო "არ არის რუსეთი"

28 თებ 202414:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/28/1sxxbqlcx6fbuam.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის მტკიცებით, არჩევნებში ჩარევის ერთადერთი წყარო არ არის მხოლოდ რუსეთი.

სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და "ვიცით, საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება".

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ასეთი განცხადებებით "ადუნებენ ყურადღებას სხვა მიმართულებით" და ცდილობენ წარმოჩენას, "თითქოს ჩარევის ერთადერთი წყარო რუსეთია".

"რაც შეეხება ზოგადად საკითხს არჩევნებში ჩარევისა, რა თქმა უნდა, ეს რისკები არის. ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში, რთულ დროს და ინტერესები საქართველოს მიმართ არის სხვადასხვა მხრიდან. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში დახურულ ფორმატში ისაუბრა, ოპოზიცია დიდად არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ვინც იყო წარმოდგენილი მოისმინეს, თუ რა საფრთხეებია ამ მხრივ და რა მცდელობები, მათ შორის ფაქტები აღიკვეთა ამ მხრივ.

ეს ჩარევები ქართულ პოლიტიკაში არის, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი. ეს არის მნიშვნელოვანი. პრობლემა არის მაშინ, როდესაც ასეთი განცხადებებით ცდილობენ იმის წარმოჩენას, თითქოს ერთადერთი წყარო ჩარევისა არის რუსეთი და ამით ადუნებენ ჩვენს ყურადღებას სხვა მიმართულებით. ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, მისი განცხადებები აღარ წარმოადგენს დიდ ინტერესს, მაგრამ ვატყობთ, რომ ხაზგასმაა რუსეთის ჩარევის პრობლემაზე, რაც, არ ვიცი... ამას ვის ეუბნებიან, ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია? რამე ახალს ამბობენ? მე მგონი, არ არის აღმოჩენა რაიმე ახლის ამ მხრივ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი პრეზიდენტის ბრიტანეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "სალომე ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობები მისი ინტერესის სფერო არაა".

"ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობები ჩემი ინტერესის სფერო არ არის და მნიშვნელოვანია, რომ გაირკვა, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს და შესაბამისად, ვერ დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს, ამიტომ, ამ შინაარსს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს", - თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და "ვიცით, საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება".

ამის შესახებ პრეზიდენტმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს დიდი გავლენა აქვს მის ქვეყანაზე. მან საქართველოში პრორუსულ ჯგუფებზე ისაუბრა და თქვა, რომ ოკუპირებული ქვეყნისთვის "რთული წარმოსადგენია" პრორუსული ჯგუფების ყოლა, თუმცა ასეთები არსებობენ.

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გუშინ გაემგზავრა. ის დღეს, 28 თებერვალს Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება.

საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრებას.


close დახურვა